fbpx

ქართველები გალში — უცხოელები საკუთარ მიწაზე

გალის მილიციის განყოფილება, სადაც მუდმივად უამრავი ადამიანი უცდის დოკუმენტების ჩაბარებასა და გაცემას. (ნინო გოგუა/ OC Media)

აფხაზეთში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემის წესი შეიცვალა, რის გამოც გალელები გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. OC Media-სთან საუბრისას ადგილობრივები კორუფციასა და დისკრიმინაციას უჩივიან, რის გამოც სამშობლოში თავს უცხოელებად გრძნობენ.

ყოველ სამუშაო დღეს გალის მილიციის შენობასთან ერთი და იგივე ქაოტური სურათია. მილიციის პასპორტების განყოფილება ქალაქში ერთადერთი ხალხმრავალი ადგილია. გალელები, რომელთა უმეტესობაც ეთნიკურად ქართველია, აქ ერთი მიზეზით მოდიან — რომ განაცხადი შეიტანონ ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ეს დოკუმენტი კი მხოლოდ „უცხოელი მოქალაქეებისთვის“ არის განკუთვნილი.

უკვე წლებია, ამ ადგილას ხალხი გრძელ რიგებში ირევა, რადგანაც გალელებს უამრავი პრობლემა ექმნებათ საბუთების მიღებისას. რიგში მდგომი ადამიანები ჩივიან, რომ ცუდად ექცევიან. მათი თქმით, მილიციის თანამშრომლები, როგორც წესი, უხეშობენ, მუშაობას დროულად არასდროს იწყებენ და, თუ ვინმე ჩივილს იწყებს, წყვეტენ მუშაობას მანამ, სანამ სიჩუმე არ იქნება.

გალის მილიციის შენობასთან რიგში მდგომი ქართველები (ნინო გოგუა/ OC Media)

აგვისტოა. ტემპერატურა 40° C-ს აღწევს, თუმცა გალელები მაინც ყოველ დილას მოდიან ავტობუსით თუ მანქანით, რომ რიგი დაიკავონ. მათ საბუთები უნდა შეიტანონ, რომ საბოლოოდ ბინადრობის მოწმობა მიიღონ.

შენობაში შეღწევაც კი რთულია, ხანდახან — შეუძლებელი. ხალხი ჩივის, რომ თითოეულ ჩასაბარებელ საბუთზე 1.500 რუბლის (29 დოლარის) გადახდა უხდებათ; სხვა შემთხვევაში რიგში დგომა რამდენიმე კვირას მოუწევთ. კიდევ დამატებით 2.000 რუბლს (34 დოლარი) იხდიან, როგორც — ქრთამს, როცა საბუთები საბოლოოდ გამზადდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბინადრობის ნებართვას მიიღებენ, მათი უფლებები მაინც შეზღუდული იქნება. მაგალითად, ვერ შეძლებენ სახლის ან სხვა უძრავი ქონების შეძენას. ეს საბუთი არ აძლევს მათ უფლებას, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

პირადობის დამადასტურებელი საბუთები

გალელები ამბობენ, რომ პრობლემები, რომელიც 2008 წლის შემდეგ გაჩნდა, აფხაზური პასპორტების არ ქონის გამო ექმნებათ. ეზღუდებათ გადაადგილების უფლება, არ იღებენ პენსიას, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადასახადებს მაინც იხდიან. ეს საკითხი მწვავე დებატების საგანია აფხაზეთში. ბევრი მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს, რადგანაც ის უმოქმედოა გალელი ქართველების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.

Advertisements
ბინადრობის ნებართვის აპლიკანტები თავიანთ სახელებს განცხადებების დაფაზე ეძებენ (ნინო გოგუა/ OC Media)

აფხაზური პირადობის მოწმობის აღება სავალდებულო 2008 წლიდან გახდა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მანამდე საბჭოთა მთავრობის მიერ გაცემული პასპორტები და არასრულწლოვანთათვის — დაბადების მოწმობები — გამოიყენებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ გალში მცხოვრებ ქართველთა უმეტესობას სპეციალური ფორმა №9 ჰქონდა, რომელიც ადასტურებდა, რომ ისინი გალის მაცხოვრებლები იყვნენ და მათ გარკვეულ უფლებებს აძლევდა, მათ შორის — საზღვრის კვეთისაც.

ბევრმა ქართველმა აფხაზური პასპორტი სწორედ იმ დროს მიიღო, თუმცა ისინი 2013 წელს მიღებულმა კანონმა გააუქმა. კანონის მიხედვით, მხოლოდ აფხაზურ-რუსული ორმაგი მოქალაქეობაა დაშვებული. გამონაკლისი დაიშვება ეთნიკურად აფხაზური დიასპორისთვის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ფორმა №9-ის განახლება ყოველ თვე სავალდებულო იყო, რაც 200 რუბლის (3,50 დოლარის) ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი; თუმცა ნელ-ნელა დაიწყო მისი ჩანაცვლება ბინადრობის ნებართვით, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია აფხაზეთში მცხოვრები „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის“. აფხაზეთის მთავრობამ მიიჩნია, რომ თითქმის ყველა გალელ ქართველს აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რაც, მათი აზრით, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ იმ ადამიანებს, ვინც მოსაზღვრე სოფლებში ცხოვრობს. მათ მეზობელთან სტუმრობაც კი არ შეუძლიათ იმავე სოფელში, თუკი ჯიბით შესაბამის დოკუმენტს არ ატარებენ, მაგალითად ფორმა №9-ს. საბუთის გარეშე მილიციას აქვს უფლება, ისინი დააკავოს. მთავრობა ამ ზომებს უსაფრთხოების ინტერესით ამართლებს, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას უკავშირდება.

გალელებს საბუთები მიაქვთ, რომ ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანონ (ნინო გოგუა/ OC Media)

საბჭოთა პასპორტები და ფორმა №9 ძალას 2018 წლიდან დაკარგავს. ამიტომ გალში მცხოვრებ თითოეულ მოსახლეს მოეთხოვება, მიიღოს ბინადრობის ნებართვა ან აფხაზური პასპორტი, თუ აფხაზეთში დარჩენა სურს.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, OC Media-ს განუცხადა, რომ დოკუმენტების გაცემის პროცესის გაჭიანურებაში წინა ხელისუფლება იყო დამნაშავე და ის, რომ საკანონმდებლო შეზღუდვების გამო, ქართველებს მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლიათ.

„გალის რეგიონში საბუთების გაცემა ასე იმიტომ გაიწელა, რომ წინა მთავრობამ დაარღვია აფხაზეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სამართლის ნორმა „მოქალაქეობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში მცხოვრებთათვის ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან. გალის რეგიონში მოსახლეობის 96%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. უმეტესობას აქვს ლტოლვილის სტატუსი და დაბრუნდა საკუთარ სახლში მას შემდეგ, რაც აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა, ვლადისლავ არძინბამ, გამოსცა შესაბამისი განკარგულება. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ქონა მათ არ აძლევს უფლებას, პირდაპირ მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა და მათ ჯერჯერობით მხოლოდ „ბინადრობის ნებართვის“ მიღება შეუძლიათ“, — განუცხადა ნადარაიამ OC Media-ს.

„კორუფცია ყოველ ნაბიჯზე“

გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი, ია (სახელი შეცვლილია), დილიდან საღამომდე ქმარსა და სამ შვილთან ერთად დგას რიგში, რომ ბინადრობის ნებართვის მისაღებად ოჯახმა საბუთები შეიტანოს. როგორც იამ OC Media-ს უთხრა, ორ კვირაზე მეტია, ყოველდღე მოდიან აქ, თუმცა საბუთები ჯერ ვერ შეიტანეს. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა ქრთამის გადახდა. ხუთი ადამიანისთვის სულ 7.500 რუბლი (130 დოლარი) გამოვა. მიუხედავად ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემებისა, ქრთამის გადახდის გარდა, სხვა გზას ვერ პოულობენ. ყოველდღე სოფლიდან აქ ჩამოსვლასა და უკან დაბრუნებაშიც ფული ეხარჯებათ.

„ყოველ ნაბიჯზე კორუფციაა აქ. აღარ შეგვიძლია, თუმცა რას ვიზამთ? რა გავაკეთეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში? არაფერი, სიჩუმის გარდა. რატომ ვართ ჩუმად? იმიტომ, რომ აქ არანაირი უფლება არ გვაქვს. ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ ისევ სტუმრები ვიქნებით საკუთარ ქვეყანაში, უფლებების გარეშე“, — ამბობს ია. ის მოხუც კაცზე მიუთითებს, რომელსაც რიგში დგომიდან იცნობს, და აღნიშნავს, რომ არც ის და არც ვინმე სხვა იქ მყოფი ადამიანი შეძლებს საბუთების მიღებას ქრთამის გადახდის გარეშე.

მისივე თქმით, შენობაში მყოფ ადამიანებს ან ქრთამი აქვთ გადახდილი ან კიდევ ნაცნობი ჰყავთ, ვინც ეხმარებათ. იას თქმით, მილიციის შენობაში ახალგაზრდა ქალი მუშაობს, რომელიც გარკვეულ სქემას მართავს.

„სწორედ ის იღებს ქრთამს. თითქმის ყველამ იცის მის შესახებ, თუმცა ვერაფერს იზამენ მის წინააღმდეგ, რადგანაც, როგორც ვიცით, მამამისი 1992–1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, რა თქმა უნდა, ამის გამო მას გმირის წოდება აქვს. სწორედ ამიტომ ამ ქალს შეუძლია, აკეთოს, რაც უნდა“, — ამბობს ია.

ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ფული გადაიხადოს. ია მილიციის შენობის წინ მდგომ მამაკაცს გაესაუბრა და 7.500 რუბლი მისცა. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ მისი სახელი დაიძახეს საპასპორტო განყოფილებიდან და ოჯახი შენობაში შევიდა. განყოფილებაში ორსაათიანი დგომის შედეგად იამ და მისმა ოჯახმა საბუთები ჩააბარა.

როდესაც თემურ ნადარაიას კორუფციაზე ვკითხეთ, მან გვიპასუხა, რომ ხელისუფლებაში იციან ამ პრობლემის შესახებ და იმედი აქვთ, რომ მას მალე გადაჭრიან.

„დიახ, სამწუხაროდ ასეთი რამ [კორუფცია] მართლაც ხდება. ზუსტად ერთი თვის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავეს დოკუმენტების გაყალბებისთვის. რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ჩვენ ჩვენი მხრიდან სოფლების ადმინისტრაციები დავავალდებულეთ, რომ პირადად დაესწრონ საბუთების ჩაბარების პროცედურას საპასპორტო განყოფილებებში და შევქმენით გრაფიკი, რომ ადამიანებს არ უხდებოდეთ გრძელ რიგებში წამება. რა თქმა უნდა, რიგების პრობლემა ისევ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტ პერსონალს გააგზავნის [საპასპორტო განყოფილებაში] შემდეგ კვირას და ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება“, — განუცხადა გალის რაიონის უფროსმა OC Media-ს 17 სექტემბერს.

„ისტორიულ აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნება

2017 წლის ივლისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი მიანიჭებდნენ მოქალაქეობას იმ ეთნიკურ ქართველებს, ვინც დარეგისტრირდებოდნენ, როგორც აფხაზები და გვარს აფხაზური გვარით შეიცვლიდნენ. ეს ნაბიჯი იმ აფხაზური ნარატივის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, გალის მაცხოვრებელთა ნაწილი ეთნიკურად აფხაზია, ვინც წლების განმავლობაში „გაქართველება“ განიცადა და „აფხაზური ფესვები“ დაივიწყა.

გალის რაიონის სასაზღვრო ზონის დასაწყისი (ნინო გოგუა/ OC Media)

პაპუნას (სახელი შეცვლილია) სურს, რომ დარეგისტრირდეს, როგორც აფხაზი და აფხაზური პასპორტი მიიღოს. ის თავს ქართველად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ, თუ აქ ცხოვრება სურს, სხვა არჩევანი არ ექნება. ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ მას აფხაზური პასპორტი ჩამოართვა და რამდენიმე წელია, მას საზღვრის გადაკვეთა აღარ შეუძლია.

„აქ დავიბადე, ვცხოვრობ, დავქორწინდი და აქ ვმუშაობ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ახალი ქონების დარეგისტრირება არ შეგვიძლია ბინადრობის საბუთით; როგორ უნდა ვიცხოვროთ აქ ასეთი უფლებებით? სწორედ ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება“, — უთხრა მან OC Media-ს.

მის ძმა მერაბს (სახელი შეცვლილია) უკვე აფხაზური პასპორტი აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღო. ის ასევე ქართველად მიიჩნევს თავს და საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. მერაბი ამბობს, რომ ის ერთ-ერთ ორგანოში მუშაობდა გალში, სადაც სავალდებულო იყო, რომ აფხაზური პასპორტი ჰქონოდა.

„სხვა შემთხვევაში სამსახურს დავკარგავდი. არავინ „გვაიძულებს“ აფხაზური პასპორტის აღებას, უბრალოდ გვაკეთებინებენ ამას, რადგან სხვა გზას არ გვიტოვებენ“, — ამბობს მერაბი.

რატომ კვეთენ ქართველები საზღვარს ხშირად

ბევრი მიზეზია, რის გამოც გალელი ქართველები საზღვარს კვეთენ. უმეტესობა ზუგდიდში მიდის. პირველი მიზეზი საყიდლებზე წასვლაა, რადგანაც გალში, მათი თქმით, ყველაფერი ზედმეტად ძვირია.

ენგურის ხიდი (ნინო გოგუა/ OC Media)

76 წლის ნარგიზი (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ წნევის დასარეგულირებლად წამალი ყოველდღე სჭირდება. მისი თქმით, წამალი ზუგდიდში 1,20 ლარი (0,50 დოლარი) ღირს, თუმცა გალში იგივე წამალი 80 რუბლი (1,37 დოლარი) ჯდება. მას ფორმა №9 აქვს, რომელიც უფლებას აძლევს, გადაკვეთოს საზღვარი, თუმცა ყოველთვე უხდება მისი განახლება, ეს კი ადვილი არ არის.

„საბუთის გარეშე იმავე წამალში სამმაგი საფასურის გადახდა მომიწევს. დავბერდი და რიგში დგომა აღარ შემიძლია. ხან მუშაობენ, ხან — არა. შვილი მყავს და ხანდახან ის მყიდულობს ხოლმე, მაგრამ მასაც პრობლემები აქვს საბუთებთან დაკავშირებით“, — უთხრა ნარგიზმა OC Media-ს.

საზღვარს სამედიცინო დახმარების მისაღებადაც კვეთენ. მათი თქმით, გალის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი აღჭურვილობა და კვალიფიცირებული ექიმები. ადგილობრივების თქმითვე, საავადმყოფო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ზოგი კი საზღვარს ახლობლების სანახავად კვეთს. გამომდინარე იქიდან, რომ 1992–1993 წლებში ბევრი ქართველი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და წასულიყო, გალელები მათ საქართველოში ან საზღვარგარეთ აკითხავენ.

ნაკლები შესაძლებლობა

გალელი აბიტურიენტები ამბობენ, რომ პრობლემები ექმნებათ ქართულ უნივერსიტეტებში საბუთების შეტანისას. ოფიციალური დოკუმენტების არ ქონის გამო, მათ საზღვრის ჩუმად გადაკვეთა უხდებათ. რამდენიმე სტუდენტის თქმით, ზოგიერთი უნივერსიტეტი მათ მდგომარეობას ითვალისწინებს, მაგრამ არა ყოველთვის.

შენობა გალის ცენტრში (ნინო გოგუა/ OC Media)

ვიოლეტა (სახელი შეცვლილია) ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. მისი თქმით, კარიერული წინსვლის შანსი არ აქვს აფხაზეთში. ამის არგუმენტად მან ერთი შემთხვევა გაიხსენა, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა გალის მილიციის შენობასთან.

„ერთი გოგო მოვიდა მილიციის შენობაში, რომ საბუთი მიეღო, თუმცა გამოაგდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლე შარვალი ეცვა. პასპორტების განყოფილების უფროსმა გამოაგდო და უყვიროდა — უნდა იცოდე, სად მოდიხარ, რა დაწესებულებაში, ეს კავკასია არისო“, — იხსენებს ვიოლეტა.

დაახლოებით ორი თვის წინ ვიოლეტას 17 წლის ძმა რუსმა მესაზღვრეებმა დაიჭირეს, როდესაც ის კლასელთან ერთად ცდილობდა, საზღვარი ჩუმად გადაეკვეთა. ვიოლეტას თქმით, მათ საბუთები არ ჰქონდათ.

„ისინი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდნენ და ამ გზით დადიოდნენ ხოლმე. მათ სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში სურდათ. ძალიან შეგვეშინდა, რადგანაც რუსებმა მათ სცემეს. როდესაც დედაჩემმა ნახა ისინი, გული წაუვიდა. სახლში არ უშვებდნენ მაშინაც კი, როცა ჯარიმა გადავიხადეთ“, — ამბობს ვიოლეტა.

გალელი ახალგაზრდები, ვისაც სწავლის გაგრძელება საქართველოში სურთ, ზუგდიდში დადიან მოსამზადებლად. იმის გამო, რომ სკოლებში ქართულს არ ასწავლიან, მათ კერძო გაკვეთილებზე უხდებათ სიარული.

სტუდენტები, რომელთაც OC Media ესაუბრა, ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ საზღვრის ჩუმად გადაკვეთა, თუმცა პასპორტის გარეშე სხვა გზა არ რჩებათ.

ახალგაზრდებს გალში დასაქმების პრობლემა ექმნებათ. ამიტომ ბევრი ახალგაზრდა არ ბრუნდება უკან ქართული უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ.

ბევრი მშობელი ჩივის, რომ განსაკუთრებით გართულდა ბავშვების ქართულ სკოლებში ტარება მდინარე ენგურს იქით. მარტში აფხაზეთის მთავრობამ დაასრულა ყველა საბაჟოს დახურვა, ერთის, ენგურის ხიდის საბაჟოს, გარდა.

მიუხედავად ამისა, მშობლები ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან აფხაზურმა მთავრობამ 2015 წელს გადაწყვიტა, სკოლებში ქართულად სწავლება სრულად შეეწყვიტა. ყველა საგანი რუსულად ისწავლება პირველიდან ბოლო კლასამდე. რუსული კი უცხოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე — მასწავლებლებისა და მშობლებისთვისაც კი.

სტატიაში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-ს რედაქციის ხედვებს.