fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

ხმა | „გვეგონა, რომ ცოცხალი იყო და ერთ დღეს დაბრუნდებოდა“

ლიკა მანაგაძე (მარი ნიკურაძე/OC Media)

16 მარტს 12 ადამიანის ნეშტი, ვინც 1992-1993 წლის კონფლიქტის დროს აფხაზეთში დაიღუპა, თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდა. ლიკა მანაგაძე, რომლის მამა, აკაკი, გარდაცვლილთა შორის იყო, თავის მოგონებებს ყვება მამაზე და იმას, თუ რა გავლენა მოახდინა ომმა მის ცხოვრებაზე.

„დავიბადე აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მდებარე სოფელ არადუში. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც დაიწყო აფხაზეთის ომი, ჩემი ძმა 7 წლის იყო, დედა - 30 წლის. მახსოვს, თვითმფრინავები როგორ უშვებდნენ ცეცხლს, როცა ჩვენ ყანაში ვიყავით.

ჩემს ძმას ძალიან შეეშინდა და ხელები თავზე დაიფარა. მე მახსოვს, ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. თუმცა მალე წამოსვლა მოგვიხდა.

მახსოვს, რაც ეცვა მამაჩემს ბოლო დროს, როცა დაგვემშვიდობა. მას ეცვა ლურჯი ქურთუკი. ეს ქურთუკი სამი დღის წინ ვნახე ისევ სურათებში, მის საქმეში, და ამოვიცანი. ძალიან გამიხარდა, თითქოს მამა გამიცოცხლდა.

სანამ წამოვიდოდით, მამამ დედას უთხრა, რომ მე და ჩემი ძმა წავეყვანეთ. თვითონ ვერ წამოვიდოდა, რადგანაც ძმები ჰყავდა იქ და მათ ვერ მიატოვებდა.

მართლაც, წამოვედით მე, ჩემი ძმა და დედა. უამრავ ადამიანთან ერთად. დანგრეული ძველი „ელექტრიჩკით“ მოვდიოდით. ზღვა ხალხი იყო მატარებელში. მახსოვს კორვალოლის სუნი იყო სულ.

მოვუახლოვდით სოფელ ხეთას, სადაც დედის ნათესავები ცხოვრობენ. რამდენიმე თვე მის ნათესავთან ვცხოვრობდით, შემდეგ კი თავშესაფარში, პავილიონში, გადავედით, სადაც ჩვენს გარდა სხვა ოჯახებიც იყვნენ. მამაც სწორედ ხეთაში დავკრძალეთ კვირას.

Advertisements

მახსოვს, მსახიობ ჯონ ტრავოლტას ვამსგავსებდი მამას და ყოველ ჯერზე, როცა მას ტელევიზორში ვხედავდი, დედას ვეძახდი, ნახე, მამა ცოცხალია-მეთქი. ის მოვიდოდა და ჩამიხუტებდა ხოლმე.

ფრაგმენტულად მახსოვს ჩემი ბავშვობა ომამდე, ასევე მამა. მახსოვს მისი სახე და მისი განსხვავებული ქვედა ყვა. ეგრე ვიცანი მისი ჩონჩხი რომ ვნახე საქმეში. მამა ფეხბურთელი იყო. მას ყოველთვის აქებდნენ სისწრაფისთვის და ჭკვიანური სვლებისთვის მატჩის დროს.

მახსოვს, რომ უყვარდა ჩაიდანი, ემალის ჩაიდანი, ბლები და ყვავილები რომ ეხატა. იმ ჩაიდნით უყვარდა წყლის დალევა. ის კადრი მახსოვს, როგორ სვამდა ხოლმე ამ ჩაიდნიდან ჭიდან მოტანილ ახალ ცივ წყალს.

ბალს მოწყვეტდა ხოლმე და ყურებზე გამიკეთებდა, საყურე არისო. მერე ჰამაკში მაძინებდა ხოლმე და მიმღეროდა. ახლაც მასხოვს ის სიმღერა და კიდევ „ენძელა და ია“.

ლიკა პირველად ეცნობა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ საქმეს თავის მამაზე. (სოფიო ელიზბარაშვილი/„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“)
აკაკი მანაგაძე (ლიკა მანაგაძის არქივიდან)

„ჩემი ბავშვობის ერთერთი ყველაზე თბილი მოგონება“

როცა ხეთაში ვცხოვრობდით, დედამ იების კრეფა დაიწყო იქ ფერდობზე. მეც ვეხმარებოდი. კარგად მახსოვს, დიდი თურქული ჩანთები რომ იყო, იმ ჩანთებში ვაწყობდით ამ ყვავილებს კონებად და დედა მერე ყიდდა. ერთი დიდი ჩანთა გაყიდა 8 მარტს. ასე შეაგროვა დედამ თხის ფული.

ვიყიდეთ პატარა ხბო. დავარქვით ფუჯია. ეს ჩემი ბავშვობის ერთერთი ყველაზე თბილი მოგონებაა. მე ვუვლიდი ამ ხბოს. დედა კი სამუშაოდ წავიდა, წითელი ჯიხური იდგა ხეთის ცენტრში და იქ მუშაობდა მთელი დღე. მე ჩემს ფუჯიას ვუვლიდი. ჩემი ძმა ფეხბურთს თამაშობდა, რა თქმა უნდა, სკოლაშიც დავდიოდით. ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვასწრებდით.

ლიკა (მარცხნივ) დედასთან და ძმასთან ერთად — „სუხუმი, 1991 წელი“. (ლიკა მანაგაძის არქივიდან)

მე და ჩემს ძმას სოფელში ცხოვრება ძალიან გვიყვარდა და მოგვწონდა, მაგრამ სკოლა შორს იყო. ხუთი კილომეტრის გავლა გვიწევდა ფეხით ფერდობზე, ძალიან გვიჭირდა. დედა დილის 7 საათიდან საღამოს 7-ის ნახევრამდე მუშაობდა. მისი ჯიხური სკოლის წინ იდგა.

რვა წლის რომ გავხვდით, დედამ რუსეთში წაგვიყვანა, ნოვოშახტინსკში დედას ძმებთან ერთად. მე და ჩემს ძმას ერთი წლის გაცდენა მოგვიხდა სკოლაში.  დედა იქაც ვაჭრობდა, ხილს და ბოსტნეულს ყიდდა, ფულს კი ინახავდა.

შვიდ თვეში დავბრუნდით საქართველოში. დედამ ძმების დახმარებით ფოთში ბინა იყიდა (მგონი 800 დოლარი ღირდა), თანაც ბინის ადგილის ზუსტად სკოლის წინ  შეარჩია. შემდეგ ვცხოვრობდით ასე 17 წელი ფოთში და აღარსად წავსულვართ დღემდე.

„დედა ყოველთვის მხარში მედგა“

მე ბავშვობიდან ვმღერი. მახსოვს, ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი სულ, თუმცა ადრეულ სკოლის წლებში მუსიკის გაკვეთილებზე ვერ დავდიოდი, საშუალება არ გვქონდა. როდესაც ფოტში გადავედით, სკოლასთან არსებულ სტუდიაში დავიწყე სიმღერა. მახსოვს, როდესაც ჩემმა კლასმა დაამთავრა, მხოლოდ მე ვმღეროდი ბოლო ზარზე. ვიმღერე Celine Dion-ის My heart will go on. ტიტანიკი ძალიან მოდაში იყო მაშინ. ძალიან კარგად მახსოვს ხალხის დადებითი ემოციამ. ამ ემოციამ დადებითად დამმუხტა და მივხვდი, რომ სიმღერა ჩემი საქმე იყო.

დედა ყოველთვის მხარში მედგა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მუსიკალური კარიერის აწყობაში დამხმარებოდა.

როდესაც ბათუმის სახელოვნებო უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვიყავი, დავოჯახდი და პატარა გოგო მეყოლა. გადავწყვიტე, რომ სამი წლით აკადემიური ამეღო. გასულ წელს მობილობით კონსერვატორიაში ჩავაბარე და თბილისში გადმოვედი სწავლის გასაგრძელებლად. დედა და ძმა თავის ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობენ.

„ყოველთვის ველოდებოდით“

გვეგონა, რომ ცოცხალი იყო და  ერთ დღეს დაბრუნდებოდა, ყოველთვის ველოდებოდით ჩვენ. არ გვჯეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ეწერა დაღუპულთა სიაში, მაგრამ მაინც გვეგონა, რომ ვიპოვიდით და ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდებოდა წვერით. რატომღაც წვერით გვეგონა, რომ მოვიდოდა, წვერს ატარებდა.

აკაკი მანაგაძე (ლიკა მანაგაძის არქივიდან)

2013 წელს „წითელიჯვარიდან“ მოვიდნენ ჩვენთან და აიღეს დნმ ანალიზი. არ მჯეროდა, რას აკეთებენ-მეთქი. არ მჯეროდა. მერე დიდი დრო გავიდა. შარშან ჩემმა ძმამ მითხრა, რომ ვარაუდობენ, მამა ნაპოვნიაო და გადაგზავნილია უცხო ქვეყანაშიო. ველოდებოდით პასუხს. რომ დაგვირეკეს, 7 მარტი იყო. გილოცავ, მამას ნეშტი ნაპოვნიაო.

შოკი მივიღე. თან ვტიროდი, თან ბედნიერი ვიყავი. დედაზე უარყოფითად იმოქმედა. ძალიან ცუდად იყო დედა. ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო. ალბათ გულის სიღრმეში მას კვლავ სჯეროდა, რომ მამა დაბრუნდებოდა. დედა აღარ დაქორწინებულა მეორედ. ის ამბობდა, რომ მამას ვერ უღალატებდა. დედა მამას ხედავდა, როგორც გმირს და იმეორებდა, რომ ამას არასდროს აკადრებდა მამას.

საბოლოო ჯამში, ომმა ჩემს ბავშვობაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ არ გამაბოროტა და არ დამთრგუნა. სიცოცხლე გრძელდება და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საერთოდ პატრიოტი ვარ. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს აფხაზეთი და აფხაზი ხალხი; შანსი რომ მქონდეს, აუცილებლად წავიდოდი ჩემს სოფელში, არადუში, და ჩვენს ქუჩას ვნახავდი იქ.“

ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგული

აკაკი მანაგაძე, 1955 წელს დაბადებული, და მისი ძმა, გივი მანაგაძე, 1938 წელს დაბადებული, ორივე საქართველოს შეიარაღებული ძალების 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში იბრძოდა. ორივე 1993 წლის სექტემბერში დაიღუპა ოჩამჩირის რეგიონში მდებარე სოფელ არადუზე განხორციელებული შეტევის დროს.

მათი სამარხი სოფელ არადუში იპოვეს, ნეშტები კი ოჯახებს გასულ კვირას გადაეცათ.

თერთმეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანისთვის სამოქალაქო პანაშვიდი 17 მარტს გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში. ერთერთმა ოჯახმა ითხოვა, რომ ოჯახის წევრის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროდან პირდაპირ თავის სოფელში ჩოხატაურში გადაგზავნილიყო. (მარი ნიკურაძე/OC Media)
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სამოქალაქო პანაშვიდს კვირას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. (მარი ნიკურაძე/OC Media)

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ინფორმაციის მიხედვით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა. აქიდან 15 ეთნიკურად ქართველი და სამი ეთნიკურად აფხაზი, 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაიკარგა, ხოლო რვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიკარგა, საიდანაც შვიდი ეთნიკურად ქართველი და ერთი ეთნიკურად ოსი იყო.

12 ქართველი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, ოჯახებს 16 მარტს გადაეცათ. დანარჩენებს ოჯახებს 26 მარტს გადაეცემათ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციის მიხედვით, ამ 12 ადამიანს შორის შვიდი სამხედრო პირი იყო, ერთი - მოხალისე და ოთხი - მშვიდობიანი მოქალაქე.

2010 წელს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ შექმნა მექანიზმი აფხაზეთის კონფლიქტში და 2008 წლის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებზე ინფორმაციის შესაგროვებლად. ამ მექანიზმის ერთადერთი მიზანი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება.

„წითელი ჯვრის“ ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 2300 ადამიანი, მათ შორის სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, მათ შორის 200 ნეშტის იდენტიფიკაცია მოხდა და ოჯახებს გადაეცა.

[წაიკითხეთ ხმა აფხაზეთიდან: „ომმა ყველაფერი წამართვა“]

(მარი ნიკურაძე/OC Media)
(მარი ნიკურაძე/OC Media)
სამი პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს სამხედრო პატივით. (მარი ნიკურაძე/OC Media)
(მარი ნიკურაძე/OC Media)
(მარი ნიკურაძე/OC Media)
The website is undergoing scheduled maintenance
This is default text for notification bar