რობოტები „Nike“-ის მაისურების ყუთებს დაატარებენ, ტელევიზორის ეკრანები მკერავებს მუშაობის ტემპის გაზრდისკენ უბიძგებენ. OC Media-ს გამოძიების მესამე და ბოლო ნაწილში ქართული ტექსტილის წარმოებაზე გამომძიებელი ჟურნალისტი, თამუნა ჩქარეული, იძიებს ფოთის მაღალტექნიკურ საწარმოში არსებულ სამუშაო პირობებს.
[სამნაწილიანი გამოძიების პირველი და მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ: ნაწილი ერთი და ნაწილი ორი]
წარმოიდგინეთ, რომ საშუალო ასაკის ფოთელი ქალი ხართ. თქვენი მეუღლე ალბათ პორტში მუშაობს, საბაჟოზე და ტვირთებზე. ორი შვილი გყავთ, სკოლაში ან უნივერსიტეტში დადიან.
ვალები გაქვთ და თქვენი მეუღლის ხელფასი ყველაფერს ვერ წვდება, ამიტომ მუდმივად აგროვებთ ფულს. გასართობად არ გადიხართ — და, რომც მოგინდეთ, წასასვლელიც არსად არის. დასვენების დღეები თქვენთვის უცნობია.
თქვენი ერთადერთი გასართობი ნათესავებთან ტელეფონზე ლაპარაკი და მეზობლებთან გადასვლაა. ექიმთან საუკუნეა, არ ყოფილხართ, თუმცა ტკივილები გაწუხებთ. გირჩევნიათ, ფული ყველაფერზე დაზოგოთ, რომ შვილებს განათლება მისცეთ. იქნებ მათ მაინც შეძლონ ამ ჩამკვდარი ქალაქიდან გამოღწევა, სადაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ.
ან შეიძლება, ახალგაზრდა ქალი ხართ, ერთერთი მათგანი, ვის მშობლებსაც არ ჰქონიათ საშუალება, თბილისში ან ბათუმში გაეშვით და ახლა ფოთში გაიჭედეთ.
თქვენნაირი ქალისთვის ერთადერთი სამუშაო მომსახურების სექტორში ან მაქსიმუმ, ბანკშია. მაგრამ ორივეგან ცოტას იხდიან და მაინც არ აგიყვანენ, იმიტომ, რომ ინგლისური არ იცით. თქვენი მეგობრების უმეტესობა ან წავიდა, ან გათხოვდა და სასოწარკვეთილი ოცნებობთ თქვენი ცხოვრების შეცვლაზე.
ან სულაც ფოთის მახლობდად, სოფელში, ცხოვრობთ, სადაც სამუშაო ადგილები საერთოდ არ არსებობს.
ან პენსიონერი ხართ და წვალებით ეძებთ შემოსავალს, რომ ოჯახს ტვირთად არ დააწვეთ.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ, ნებისმიერ შემთხვევაში, მუშაობა გსურთ და დასაქმების შანსი ცოტა გაქვთ. უკვე ფიქრობთ, თურქეთში გადახვიდეთ, როცა სხვა ქალი — „დიდ ფაბრიკაზე“ გიყვებათ.
შეიძლება, მეგობარმა ან მეზობელმა გითხრათ, ყველას იღებენო, გამოცდილებაც არ უნდათო.
გაოცებული ხართ და ცოტათი არ გჯერათ.
სიმამაცეს მოიკრებთ და გასაუბრებაზე წახვალთ. შიგნით რომ შეგიყვანენ, გაკვირვებული იქნებით საწარმოს მასშტაბით, სისუფთავითა და ორგანიზებულობით. თუმცა პირობებით კიდევ უფრო მოიხიბლებით — უფასო ტრანსპორტი და კვება, ხელფასი, რომელიც „მთლიანად დამოკიდებულია“ — როგორც გიხსნიან — „თქვენს მუშაობის სურვილზე“.
აღფრთოვანებული ხართ და თანხმდებით.
შემდეგ ქაღალდების დასტა შემოაქვთ და გითითებენ, სად რას უნდა მოაწეროთ ხელი. ადამიანური რესურსების მენეჯერი გაძლევთ ქაღალდს, სადაც დიდი ასოებით წერია, რომ „წავიკითხე, გავეცანი და ვეთანხმები“, ეს სიტყვები უნდა გადმოიწეროთ, სადაც გეტყვიან. ხელფასი ცოტა დაბალია, მაგრამ ახლა რაც გაქვთ, იმას სჯობს. უკანასკნელად აწერთ ხელს.
ჩემი ამბავი ასეთი არ ყოფილა. თუმცა ეს ამბავი, სხვადასხვა ვარიაციით, გადახდა ჩემს თანამშრომლებს ან ყოფილ დასაქმებულებს, ვისაც ვესაუბრე; და, როცა „აჭარა ტექსტილის“ ფოთის საწარმოში სამუშაოდ გამოვცხადდი, მეც ასეთ ქალად გავასაღე თავი.
„აჭარა ტექსტილი“
„აჭარა ტექსტილი“ თურქული კომპანიის, „Abay Uluslararasi Tekstil Turizm ve Yatirim“-ს, შვილობილია, რომელიც, თავის მხრივ, მსხვილ „Aceka ჰოლდინგს“ ეკუთვნის, კომპანიას, რომელიც ტექსტილში 60 წელზე მეტია, მოღვაწეობს.
„აჭარა ტექსტილს“ საქართველოში სამი საწარმო აქვს — ბათუმში, ბობოყვათსა და ფოთში. კომპანიაში დაახლოებით 3000 ადამიანია დასაქმებული.
ფოთის საწარმომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 9.2 მილიონი ლარის მხარდაჭერა მიიღო. 2018-ში აქ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხორვატიის ნაკრების ფორმები აქ შეიკერა, 2012-ში კი — იტალიის ნაკრების ფორმები.
ფოთის მუნიციპალიტეტში OC Media-ს უთხრეს, რომ ქარხნის გახსნამდე, 2017 წლის ბოლოს, კომპანიის წარმომადგენლებს რამდენიმე კონსულტაცია გაეწიათ საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარის, ალექსანდრე თოფურიას, მიერ, რომელმაც ამჟამად საჯარო სამსახური დატოვა.
თოფურიამ კონსულტაციების გაწევა უარყო. მისი ინტერესი, როგორც თავად თქვა, „რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა“ იყო და მისი ჩართულობა არ გასცდენია თურქი ინვესტორებისთვის, ნაცნობის საშუალებით, ფილიალის გახსნის შეთავაზებას.
საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ ალექსანდრე თოფურია ფოთში მდებარე სხვა, თურქულ თანამფლობელობაში მყოფი ტექსტილის, გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
შეღწევა
ქარხანაში შესასვლელად მუშამ მაღალი კედლებით შემოსაზღვრული პერიმეტრი უნდა გადაკვეთოს, თუმცა, როგორც წესი, ის კომპანიის სამარშრუტო ტაქსით შემოჰყავს.
ქარხანას გარედან ნაცრისფერფორმიანი მამაკაცი დაცვის თანამშრომლები მეთვალყურეობენ, შიგნით კი ქალი თანამშრომლები, რომლებსაც დასაქმებულთა ჩხრეკა ევალებათ.
დასაქმებულები თითის ანაბეჭდიან სკანერს გადიან. ეს სკანერი უზრუნველყოფს, რომ ქარხანაში მხოლოდ მისი თანამშრომლები შევლენ და გამოვლენ და ამავდროულად ბიომეტრიული საათის ფუნქციას ითავსებს, სადაც დაგვიანება და გაცდენა აისახება.
სკანერის შემდეგ გასახდელი მოდის, სადაც დასაქმებულები ლურჯ ან ნარინჯისფერ ფორმებს იცვამენ და მობილურებს კარადაში კეტავენ — რათა წარმოების საიდუმლოები გარეთ არ გაიტანონ.
გასახდელის შემდეგ მეტალოდეტექტორს გადიან. შპიონაჟს „აჭარა ტექსტილში“ საკმაოდ სერიოზულად აღიქვამენ.
„ჯეო-ემ-ტექსისგან“ განსხვავებით, სადაც მანამდე ვიმუშავე, „აჭარა ტექსტილი“ ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და ტექნიკურად აღჭურვილი ქარხანაა. შენობა უზარმაზარი სივრცეა, სადაც რამდენიმე თვითმფრინავი თავისუფლად დაეტევა.
შენობა დიდ სექციებადაა დაყოფილი. თითოეულში წარმოების სხვადასხვა ეტაპისთვის (ჭრა, კერვა, გაუთოვება..) კერვის სექციაში მომუშავეები რიგებად უსხედან მაგიდებს და სწრაფად ასრულებენ რომელიმე კონკრეტულ ოპერაციას, მაგალითად, მაისურის ქვედა კიდეზე ძაფის შემოტარებას.
მაგიდებს შორის, დარბაზის იატაკზე, ფართო ნიშნულებია. ეს მარკერები რობოტებისთვისაა, რათა ქარხანაში მოძრაობა შეძლონ. როგორც მივხვდი, რობოტები ნიშნულებს ასკანერებდნენ, რომ მიმართულებით ემოძრავათ.
რობოტები ეფექტურად გადააადგილებენ ქარხანაში წარმოებულ საქონელს, რათა ქსოვილი მზა მაისურად სწრაფ და მუდმივ ტემპში იქცეს.
რობოტის მოახლოვება დასაქმებულებს აშინებს, თუმცა მხოლოდ იმის გამო არა, რომ ისინი თავისით მოძრაობენ. მიზეზი ისაა, რომ რობოტი, რომელსაც მაისურების მორიგი ყუთი მიაქვს, მკერავს არ დაეკითხება, დასჭირდება თუ არა მეტი დრო ყუთის გასავსებად, არც კიდევ „ერთი წუთი“-ს ხვეწნას გაიგონებს. ისინი ცივი მექანიკური ეფექტურობით მუშოაბენ და ნორმის შესრულებას ემსახურებიან.
მკერავმა ზემოთ რომ აიხედოს, პლაზმური ტელევიზორის ეკრანს დაინახავს. აქ გამოსახული ციფრებიც ნორმის შესრულებას ემსახურება და აღნიშნავს, მისი რამდენი პროცენტი შესრულდა მოცემული მომენტისთვის — რაც დასაქმებულებს მიანიშნებს, შეინარჩუნონ ტემპი თუ აუჩქარონ.
ნარჩენები
„არც ისე ცუდია“, — ვუთხარი ინგას, რომელმაც მოსწავლედ ჩამიბარა. უსაფრთხოების მთელი პროცედურების გავლის მერე ხმა ჯერ კიდევ მიკანკალებდა.
„ერთ თვეში ნახე, რას იტყვი“, — მიპასუხა ინგამ. თვითონ ქარხანაში წელიწადნახევარი იმუშავა და, რადგან უკეთესიც ვერაფერი მონახა, შეეჩვია, როგორც თვითონ მითხრა.
ინგამაც მოსწავლეობიდან დაიწყო.
მან მაგიდასთან გამაცილა, სადაც სწავლის პროცესი უნდა დამეწყო. მაგიდა ძალიან დიდ, მაგრამ შედარებით ჩუმ დარბაზში იდგა. საკმაოდ მალე მას „ნარჩენების “ ოთახი შევარქვი.
„აჭარა ტექსტილში“, როგორც ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში მდებარე ქარხნებში, დასაქმებულებს საწარმოო ჯგუფებად — „ბრიგადებად“ — ყოფენ.
როცა ბრიგადა ეფექტურად მუშაობს, მას შლიან, რათა წარმატებული ბრიგადის მუშები სხვა ბრიგადებს შეუერთონ და ისინიც აასწრაფონ.
ეს მთლიანი წარმოების აჩქარების საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა, თუმცა არიან მკერავები, რომლებიც ახალ ბრიგადებში ვერ ხვდებიან. სწორედ ისინი არიან „ნარჩენები“. ისინი პატარ-პატარა ოპერაციებზე მუშაობენ, მაგალითად, იარლიყის მიკერებაზე და წუნების გასწორებაზე. „ნარჩენის“ მდგომარეობა დროებითი, მაგრამ არასასურველია, რადგან ბრიგადაში მუშაობის ბონუსს ვერ იღებს.
ახალი ბრიგადის გეგმა უკვე შედგენილია, უბრალოდ საჭიროა, ყველა ადგილის შევსება. ამიტომ სწავლის დაწყების მომენტიდან უკვე იმ ოპერაციას ვასრულებდი, რომელიც მომავალ ბრიგადაში დამეკისრებოდა.
„ნარჩენების“ ოთახში მუშაობის დღიდან მივხვდი, რომ „აჭარა ტექსტილში“ ყველას და ყველაფერს საკუთარი ადგილი ჰქონდა.
დისციპლინა და დასჯა
მეორე დღეს ყველა ახალი თანამშრომელი შეხვედრების ოთახში გამოგვიძახეს. აჩი მართალიშვილმა, ადამიანური რესურსების ენერგიულმა მენეჯერმა, „მეგობრებო“-თი მოგვმართა და მეგობრული ტონით ტრენინგი ჩაგვიტარა.
ჩვენი კონტრაქტებისა და კომპანიის შინაგანაწესის თავისებურებები გაგვაცნო.
„აჭარა ტექსტილში“ მოჭრილი ხელფასი თვეში 300 ლარია, ანუ კვირაში 45 სამუშაო საათში — 1.33 ლარი. ეს თანხა 50%-ით იზრდება ყოველ დამატებით საათზე და ორმაგდება დასვენების დღეებსა და უქმეებში მუშაობის შემთხვევაში. კომპანიის თქმით, „კომპანია ფიქსირებული ხელფასის განსაზღვრისას ეყრდნობა საქართველოში აღნიშნულ სფეროში არსებული დასაქმებული პირების სახელფასო მონაცემებსა და ხელფასის ოდენობას.“
„ერთი თვის შემდეგ ბონუსურ სისტემაზე გადახვალთ“, — გვითხრა აჩი მართალიშვილმა.
ინდივიდუალურად სამი სხვადასხვა ბონუსი გვქონდა: დისციპლინის ბონუსი, რომელიც თვეში დამატებით 20 ლარს გვაძლევდა, „ვარსკვლავის“ ბონუსი, რომელსაც მანქანა-დანადგარზე მუშაობის გამოცდის ჩაბარებისას მივიღებდით — კიდევ 20 ლარსს, და არგაცდენის დანამატი — 10 ლარი.
მართალიშვილმა სისტემა ნათელ ფერებში აღგვიწერა. „ფაქტობრივად, 50 ლარს იღებთ ისე, რომ არაფრის კეთება არ გიწევთ“.
თუმცა ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა ამავდროულად დისციპლინისა და დასჯის მექანიზმია. ბონუსებთან ერთად არსებობს დარღვევათა მთელი რიგი, რომელიც მათ ამცირებს. მაგალითად, გამოცდის ვერ-ჩაბარება ვარსკვალვურ ბონუსს აბათილებს, გაცდენა კი დასწრების ბონუსს გაჭრის.
ყველაზე რთული დისციპლინის ბონუსია. აქ დარღვევების ჩამონათვალი უსაშველოა, თითოეული 2 ლარს გაკლებს, თუმცა არის ხუთლარიანებიც. ეს დარღვევები უკიდურესად სპეციფიკურიდან საკმაოდ ზოგადამდე მერყეობს. მაგალითად, ბრიგადირის მითითების არშესრულება ან შეცდომის არშემჩნევა.
რაც ყველაზე უარესია, ეს ჩამონათვალი ტრენინგზე სულ რამდენიმე წუთით დაგვანახეს, მისი დამახსოვრება კი შეუძლებელია. შედეგად, სამუშაო ადგილზე მუდმივი თვითკონტროლის ქვეშ ხარ, რომ რომელიმე წესი შემთხვევით არ დაარღვიო. ეს გონებრივად ძალიან დამღლელია.
ამ ყველაფერთან შედარებით, ბრიგადის ბონუსი საკმაოდ მარტივია.
ყოველი მოდელისთვის არსებობს გარკვეული ნორმა — ერთეულების რაოდენობა დროის განსაზღვრული მონაკვეთისთვის. თუ ბრიგადა ნორმის 60%-ს შეასრულებს, ყველას 10 ლარი ერიცხება, 100% შესრულების შემთხვევაში — 50 ლარი.
ბრიგადის ბონუსზე ხარისხის კონტროლი მოქმედებს, რომელიც ყველა ბრენდისთვის სხვადასხვანაირია. ჩვენ „Nike“-ს მაისურებზე ვმუშაობდით, ამიტომ ყველა ბრიგადიდან შემთხვევითი შერჩევით აღებულ 30 მაისურს წუნი თუ დაედებოდა, მთელი პარტია წუნიანად ითვლებოდა.
თითოეული დაწუნებული პარტია კი ბრიგადის ბონუსს აკლდება.
ზოგიერთი მკერავისთვის ეს ბონუსი მათი თვიური შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილია.
აჩი მართალიშვილმა გვითხრა, რომ კომპანია ამაყობდა „უჯარიმო“ სისტემით.
ამ ნაწილის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ტესტი დავწერეთ.
ორი ტესტი შევავსეთ, ანაზღაურების სისტემაზე და ჯანმრთელობა-უსაფრთხოების რისკებზე. მშვენივრად ჩავაბარეთ. საიდან ვიცი? იქიდან, რომ მართალიშვილმა პასუხებიც გვიკარნახა. როგორც ჩანს, სურდა, მალე დაესრულებინა ყველაფერი.
ტესტში ერთერთ საფრთხედ ზურგის ტკივილის განვითარებაც იყო ნახსენები. ინსტრუქციის მიხედვით, ასეთ დროს უნდა ავმდგარიყავით და სამი-ოთხი წუთი გვევარჯიშა, თუმცა არასდროს შემიმჩნევია, ვინმეს მსგავსი ვარჯიშები გაეკეთებინა.
დასაქმებულებიდან არავის სურდა, საფრთხის ქვეშ დაეყენებინა ბრიგადის ბონუსი, სულ რაღაც საკუთარი ჯანმრთელობის გამო.
უბრალოდ აკეთე
დღეში ცხრა საათი ვსწავლობდი, როგორ ავაწყო საკერავი მანქანა და როგორ გავატარო სწორი ნაკერები „Nike’s Dri-FIT“ მაისურების ქვედა კიდეზე. ჩემ გვერდით მომუშავეები ამ მაისურებს იარლიყებს ამაგრებდნენ და ევროპაში გასაგზავნად ფუთავდნენ.
დაწუნებულ მაისურებს „tamir“ ნიშანს ამაგრებდნენ, რაც თურქულად „გასწორებას“ ნიშნავს.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ყველა „ტამირი“ გამოსასწორებლად არ მიდის, ზოგი დასაქმებულებზე, ქარხნის ფარგლებში, იყიდება.
ჩემმა თანამშრომელმა პროცესი ამიწერა. „ტამირებს“ ყუთში ყრიან და ქარხნის გარეთ დებენ, სადაც დასაქმებულებს შეუძლიათ, ისინი სიმბოლურ ფასად შეიძინონ.
ამავე ქალმა მირჩია „მაგ სიგიჟისთვის“ თავი ამერიდებინა.
„კლავენ ერთმანეთს ამ მაისურებისთვის“, — ასე მითხრა.
შეიძლება, მართლაც სიგიჟეა, თუმცა კომპანიისთვის ჭკვიანური გამოსავალია. წუნიანი პროდუქცია ორმაგ მოგებას იძლევა — ჯერ ხარისხის ბონუსის ჩამოჭრით და შემდეგ ამავე პროდუქციის გაყიდვით.
„აჭარა ტექსტილს“ კომენტარისთვის მოვმართე.
„დასაქმებულების მიერ საკუთარი სურვილის არსებობის შემთხვევაში, გარკვეულ პერიოდებში ხდება კომპანიაში არსებული მოსწავლეების მიერ სწავლის პროცესში შეკერილი პროდუქციის სიმბოლურ ფასად შეძენა, გამომდინარე აქედან, კომპანია ახორციელებს დასაქმებულების თანადგომას და წახალისებას.“
„აჭარა ტექსტილში“ მუშაობა მარტივი არ არის, რადგან ყველა ოპერაცია სიზუსტესა და კარგ თვალს ითხოვს; ქსოვილს როგორ დაიჭერ, მაგასაც მნიშვნელობა აქვს — მაგრამ მკერავები საქმეს კარგად ართმევდნენ თავს, მათი ზუსტი და სწრაფი მუშაობა ჩემთვის შთამბეჭდავი იყო.
თუმცა მკერავების უნარების მიუხედავად, სისწრაფე მაინც პრობლემად რჩებოდა. ათასი საკერავი მანქანისა და საშინლად ხმამაღალი მუსიკის (რომელიც, დამსაქმებლების თანახმად, თავად მომუშავეებმა მოითხოვეს) მიღმა, გამუდმებით მესმოდა ბრიგადირების ხმამაღალი მოწოდებები, ხელქვეითებს უფრო სწრაფად ემუშავათ.
საკმაოდ ხშირად დინამიკებიდან გვარების ჩამონათვალი ისმოდა, ვინც „დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადებულიყო ადმინისტრაციაში“. მიზეზი არასდროს ვიცოდით. შეიძლება, სასჯელი ყოფილიყო დისციპლინის დარღვევის გამო, ან პირიქით, შექება და დაწინაურება. თუმცა ეს არავინ იცოდა — არც იმან, ვისაც იძახებდნენ.
სამი შესვენება გვქონდა, რომელსაც ზარი გვამცნობდა — ათ-ათი წუთი დილით და გვიან შუადღეს, და 45 წუთი სადილზე.
დიდი შესვენების დროს სასადილოში გავრბოდით, სადაც ცოტა წვნიანს, ცოტა სალათსა და ნახევარ პურს მეტალის თეფშებზე გვინაწილებდნენ. სადილის შემდეგ დასაქმებულები მცირე ხნით ისვენებდნენ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც კომპანიას პარკი და პატარა ტბაც კი აქვს მოწყობილი.
მცირე შესვენებების დროს ქალები მეზობლებს ელაპარაკებიან ან ტელეფონზე საუბრობენ, რადგან სხვა დროს ამას ვერ იზამენ. ბედნიერი არავინაა, თუმცა სამუშაოს ყველა შეეჩვია. სხვა ფაბრიკებთან შედარებით, აქ მუშაობა უკეთესიცაა, განსაკუთრებით ფოთში შესაძლებლობების ნაკლებობის პირობებში.
“თავიდან ძალიან გამიჭირდა“, — მითხრა ჩემ გვერდით ახალგაზრდა გოგომ. „მაგრამ ახლა შევეჩვიე“.
წამახალისა კიდეც, ბრიგადას შეურთდები და მეტს გამოიმუშავებო. კი უფრო სწრაფად მოგიწევს, მაგრამ გიღირსო. ისიც, სხვებივით „ნარჩენებში“ იყო და ოცნებობდა, როდის შეურთდებოდა ახალ ბრიგადას.
ბოლო ზარი 19:00-ზე ირეკებოდა. სანამ გავიდოდით, ფაბრიკის გასასვლელთან შევგროვდებოდით, სადაც დაცვა ჩანთებს გვიჩხრეკდა. საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა, რადგან 1000-მდე ადამიანი უნდა შეემოწმებინათ.
შემდეგ უმეტესობა სამარშრუტო ტაქსიში ჯდებოდა, რომელიც პირდაპირ სახლის კართან მიიყვანდა. ჩემ გარდა, ძალიან ცოტა ქალი მიდიოდა ფეხით.
შიშის ფაქტორი
2018 წლის დასაწყისში ახალგაზრდა დასაქმებულმა, სოფიო გოგოლაძემ, „აჭარა ტექსტილში“ მუშაობა შეწყვიტა, მენეჯმენტთან კონფლიქტის გამო. საპირფარეშოში ყოფნის გამო, მან ხუთი წუთით დააგვიანა სამუშაო ადგილზე.
როცა დაბრუნდა, ბრიგადის უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა. სოფიომ ბრიგადირს ადამიანური რესურსების მენეჯერთან უჩივლა, თუმცა აჩი მართალიშვილმა უთხრა, რომ ნებართვის გარეშე საპირფარეშოს გამოყენების უფლება არ ჰქონდა.
„პირდაპირ მითხრა, რომ [ბრიგადის უფროსს] უფლება ჰქონდა, ასე მომქცეოდა, თუ წარმოებას ვაფერხებდი“, — მითხრა სოფიომ. „ისე აგდებულად მელაპარაკა, რომ წამოსვლა გადავწყვიტე. ასეთ მოპყრობას ვერ ავიტანდი“.
სოფიო აჩი მართალიშვილს შეჰპირდა, რომ გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლითა და ჟურნალისტებით დაბრუნდებოდა. მენეჯრმა უპასუხა, რომ „აჭარა ტექსტილზე“ უკეთეს პირობებს სოფიო ვერსად იშოვიდა.
სოფიომ მუქარა შეასრულა და გიორგი დიასამიძეს, გაერთიანებული პროფკავშირების შესაბამისი დარგის თავმდჯომარეს, დაუკავშირდა. მან სხვა უკმაყოფილო დასაქმებულების შეკრება ურჩია, რათა კოლექტიურად ებრძოლათ.
„სამწუხაროდ, ძალიან შეეშინდათ. პროფკავშირების შეხვედრაზე ერთი ქალი მოვიდა, დამლაგებელი, რომელსაც ასევე პრობლემები ჰქონდა“, — იხსენებს სოფიო. „იყო მომენტი, როცა აჭარის ტელევიზია დაინტერესდა და სამი დასაქმებული ჩაწერაზე თანახმა იყო, თუკი ზურგიდან გადაუღებდნენ, მაგრამ ჩაწერის დღეს არცერთი არ მოსულა“.
ფოთში ყველა ყველას იცნობს და ადამიანები ჩივილს თავს არიდებენ, რადგან ამან მომავალზე შეიძლება, იქონიოს გავლენა.
„შიშის ფაქტორია“, — ასკვნის სოფიო.
მისი წამოსვლის შემდეგ აჩი მართალიშვილა „ფორტუნა პლიუსის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ სოფიოს „ფსიქოლოგიური პრობლემები“ აწუხებდა. სოფიოს ყოფილი კლასელი დაუკავშირდა, რომელიც „აჭარა ტექსტილის“ დაცვის თანამშრომელი იყო და კეთილი რჩევა მისცა, აღარ ელაპარაკა. ისიც უთხრა, რომ კომპანია მზად იყო, სოფიო ხელახლა აეყვანა.
„მითხრა, რომ შეეძლო დაცვის უფროსს დალაპარაკებოდა და ბრიგადაში ჩემს არჩეულ პოზიციაზე ჩამსვავდნენ, და რომ „საქმეს გაარკვევდნენ“ მათთან, ვინც მაწყენინა. უბრალოდ უნდა გავჩუმებულიყავი“.
სოფიომ უარი უთხრა.
სოფიოს კომპანიასთან უშედეგო ბრძოლის შემდეგ მისი ბრიგადის წევრებს ერთჯერადი 40 ლარიანი ბონუსი ჩაერიცხათ. დღემდე ის „აჭარა ტექსტილის“ ერთადერთი დასაქმებულია, რომელმაც თავის გამოცდილებაზე საჯაროდ ისაუბრა.
„ვიცი, რომ საქართველოა და რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვა გვიწევს, მაგრამ ადამიანური მოპყრობა იქ არ ყოფილა“, — ამბობს სოფიო.
უკეთესი არ არსებობს
სამნაწილიან გამოძიებაზე მუშაობისას რამდენიმე ქარხანას ვეწვიე და კიდევ უფრო მეტის ამბავი მოვისმინე. ჩემთვის „აჭარა ტექსტილი“ ეჭვგარეშე საუკეთესოა. ქარხნების უმეტესობა მეცხრამეტე საუკუნის საწარმოებს ჰგავს, „აჭარა ტექსტილი“ კი მომავლის ქარხანაა. თუმცა, დისტოპიური მომავლის.
ჩემი თანამშრომლები თავს გადაღლილად და უბედურად გრძნობდნენ. ნორმის შესრულების მუდმივი სტრესი, საუბრის აკრძალვა მაშინ, როცა გვერდიგვერდ ამდენ საათს ვატარებდით. ყველა ქმედების მეთვალყურეობა და გაზომვა. თითის ანაბეჭდის პერსონალური მონაცემის სამუშაო რუტინის ნაწილად ქცევა.
შეგრძნება მქონდა, რომ ადამიანის ფორმის დაზგები ვართ და საკერავი მანქანებისგან არაფრით განვსხვავდებით.
არამგონია, რომ ჩემს თანამშრომლების იქ ყოფნა სურდათ. მაგრამ არჩევანი არ ჰქონდათ. ოჯახის მომარაგება, ქირა, მოხუცი მშობლების პატრონობა, შვილების განათლება, რომ მათ მაინც შეძლონ ფოთიდან გაღწევა, ქარხანაში მიბრუნებას აიძულებთ.
კონტრაქტის გარდა, ისინი შინაგანაწესს აწერენ ხელს.
„შინაგანაწესს ამ შემთხვევაში იგივე ძალა აქვს, რაც — კონტრაქტს“, — ამბობს ლელა გვიშიანი, „ადამიანთა უფლებების მონიტორინგის ცენტრიდან“ (EMC). „ძალიან ხშირად დასაქმებულებს შესაძლებლობა არ აქვთ, დეტალურად გაეცნონ ასეთ უზარმაზარ დოკუმენტს და საკუთარი პირობები შესთავაზონ დამსაქმებელს“.
„თანასწორობის მაგივრად, დასაქმებული უკვე დაქვემდებარებულ პოზიციაშია საბუთზე ხელის მოწერამდეც კი“.
მისი თქმით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანასწორობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს, თუმცა „ამ კონტრაქტში დასაქმებულის ხმა არ ისმის“.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ „აჭარა ტექსტილის“ კონტრაქტს არ ახასიათებს.
ლელა გვიშიანის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ზოგადად ორიენტირებულია დამსაქმებლის პრივილეგიებზე. საქართველოს „სუსტ შრომით რეგულაციებს“ Human Rights Watch-იც აკრიტიკებს. საქართველოში მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ 20 ლარია და გაურკვეველია ზედმეტი საათების ანაზღაურება. შრომით ინსპექციაში ამჟამად 40 ინსპექტორი მუშაობს, მაგრამ წლის ბოლომდე 100-მდე ინსპექტორის აყვანა იგეგმება. თუმცა 2019 წლის განმავლობაში ინსპექტორებმა მხოლოდ ორი ტექსტილის საწარმო შეამოწმეს.
„ინვესტორს ჩვენთან [პროგრამა „აწარმოე საქართველოში“] ვალდებულება არ აქვს და დირექტივებსაც არ ვაძლევთ“, — ამბობს ნინა კაკულია, ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამაში.
საინვესტიციო მიმართულების მთავარი მიზანი, მისი თქმით, ინვესტორის მომსახურება და ქვეყანაში „ინვესტიციებისთვის მეგობრული გარემოს“ შექმნაა.
„მონიტორინგს არ ვაწარმოებთ. ვინარჩუნებთ კომუნიკაციას [ინვესტორთან] რადგან ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გრძნობს თავს ინვესტორი ქვეყანაში ბიზნესის დაწყების შემდეგ და რომ იცოდეს, რომ სახელმწიფო მოწადინებულია დაეხმაროს.“
ლელა გვიშიანის სიტყვებით, ეს გავრცელებული მიდგომაა. „არავინ არ ამოწმებს დამსაქმებელს და არაფერს ეკითხება“, — ამბობს ის. „დამსაქმებელი დომინანტია და გამომდინარე ქვეყანაში სამუშაო სიტუაციიდან, უბრალოდ სამსახურის ქონაც კი ფუფუნებაა. დამსაქმებლები საკუთარ წესებს ადგენენ.“
„დასაქმებულების ბედი დამსაქმებლის კეთილ ნებაზე რჩება“.
ეს არის სამნაწილიანი გამოძიების მესამე ნაწილი საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიაზე. იგი მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.